


ინფრასტრუქტურის მინისტრი მიმდინარე პროექტებს ხაშურის მუნიციპალიტეტში გაეცნო
24 ივლისი 2025ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ხაშურის, სოფლების - ზემო და ქვემო ოსიაურის და ცხრამუხას 24 საათიანი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინების სისტემის მშენებლობისთვის სამუშაოები გრძელდება. ეწყობა 200 კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელი. დღეის მდგომარეობით, დასრულებულია წყალმომარაგების 176 კმ-ის და წყალარინების 37 კმ ქსელის მოწყობა. 2025 წლის ბოლოსთვის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ასევე, მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების სამშენებლო სამუშაოები. დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. პროექტის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებითა და თანამედროვე წყალარინების სისტემებით 40 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროექტს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და ევროკავშირის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში, 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. მათ შორის, ახლად რეაბილიტირებული დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლა, რომელიც 440 მოსწავლეზეა გათვლილი. 70-იან წლებში აშენებული სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ჩატარდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის სამუშაოებიც. სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 5.2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
მიმდინარეობს ქალაქ ხაშურის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სოფელ ცხრამუხაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი ბაღის მშენებლობა. ორივე პროექტი გათვლილია უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე.
საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს. განახლებული სივრცე მოიცავს კომფორტულ სასწავლო ოთახებს, სველი წერტილებს, სათამაშო და რეკრეაციულ ზონებს, კეთილმოწყობილ ეზოს და ყველა საჭირო კომუნიკაციას.
რევაზ სოხაძესთან ერთად სამუშაოებს მინისტრის მოადგილეები - ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ.